Facebook-მა შესაძლოა, პროექტ „ლიბრაზე“ უარი თქვას

„ფეისბუკის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ში კონგრესმენების წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგა. მან კონგრესის წევრებს ახალი იდეები გაუზიარა და ამასთან, განაცხადა, რომ „ფეისბუკი“ Libra Association-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ პროექტი რეგულატორების გვერდის ავლით ჩაეშვება.

ცუკერბერგმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა აშშ-ში არსებულ პრობლემებზე და ისიც თქვა, რომ ამ ეტაპზე ამერიკაში ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამორჩენილობა საგრძნობლად შესამჩნევია. ეს ამბავი მან პროექტი „ლიბრას“ განხორციელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა.

„პროექტი „ ლიბრა“ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ამერიკა მსოფლიოში ფინანსურად ლიდერი ქვეყანის პოზიციაზე უფრო განმტკიცდეს. არ შეიძლება აქ ვისხდეთ და ველოდოთ იმ ფაქტს, რომ ამერიკა მუდამ ლიდერი ქვეყანა იქნება, ამისთვის ჩვენც ახალი პროექტები უნდა განვახორციელოთ“, - განაცხადა „ფეისბუკის“ ხელმძღვანელმა.

პროექტ „ლიბრას“ განხორციელების შემდეგ მიზეზად ცუკერბერგმა იმ კონკურენტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მსგავსი ტიპის საგადასახადო სისტემაზე მუშაობენ. მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე 10 კომპანიიდან 6 მაინც არის ჩინეთში დაარსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანიები მომავალში ამერიკულ კომპანიებს დიდ კონკურენციას გაუწევს.

პროექტ „ლიბრასთან“ დაკავშირებული უთანხმოებები 2019 წლის ივლისში დაიწყო. მაშინ, როცა დაანონსდა ახალი საგადასახადო სისტემის სამომავლო შემუშავების იდეა, პროექტში მონაწილეობაზე 28 კომპანიიდან შვიდმა უარი განაცხადა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ აქამდე არცერთი შეთანხმება არ შემუშავებულა რათა პროექტში სახსრები ჩაიდოს, თუმცა ეს საკითხი Libra Association-ის თათბირებზე ჯერ არ დაუყენებიათ. თუმცა, როგორც ცნობილია, ინვესტორები მზად არიან პროექტში 10 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელონ.

შეგახსენებთ, რომ „ ლიბრა“ „ფეისბუკის“ კრიპტოვალუტაა. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კრიპტოვალუტის შექმნის შემდეგ ანგარიშსწორება ძალიან გამარტივდება.

„ფეისბუკის“ დირექტორის მტკიცებით, „ლიბრას“ მთავარი იდეაა შეიქმნას გლობალური ფინანსური ინფრასტრუქტურა, რომელიც მილიარდობით ადამიანს გააერთიანებს.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ