ლევან ახვლედიანი Conti International-ზე - მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პარტნიორი, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვიგეთ ტენდერი, პროექტში რჩება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, მას უფლება არ აქვს ისაუბროს Conti International-ის პროექტში დარჩენის მიზეზებზე. როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია განმარტებებს თავად გააკეთებს.

„Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება და გადაწყვიტა პროექტში დარჩენა. მისი წილი რჩება იგივე, რაც იყო ადრე 42%-ის ფარგლებში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, რომელიც დროული იყო.

როგორც გასვლის შესახებ არ გავაკეთეთ განცხადება, ახლაც არ გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ დარჩენის მიზეზებზე. დარწმუნებული ვარ Conti International თვითონ გააკეთებს ადრე თუ გვიან ამ განმარტებებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

რა იცვლება Conti International-ის მიერ პროექტში დარჩენით, ამ კითხვაზე ახვლედიანი პასუხობს:

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პარტნიორი, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვიგეთ ტენდერი რჩება პროექტში და შესაბამისად, ეს ხაზგასასმელი ფაქტორია. ახალი პარტნიორების მოზიდვის კუთხითაც დადებით ზეგავლენას იქონიებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.