"ჩვენ ვართ დაზარალებულები, საქმეს პოლიტიკური პროკურატურის გარდა, მომჩივანი არ ჰყავს"

საქმეს არ ყავს დაზარალებული, გარდა ჩვენი თავისა. საქმეს არ ყავს მომჩივანი, პოლიტიკური პროკურატურის გარდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. ხაზარაძემ მისი საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე პროკურატურის მიერ გამართულმა სამმა ბრიფინგმა „თიბისი ბანკი“ და მისი აქციონერები რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით აზარალა და ამასთან რამდენჯერმე ჩაშალა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ანაკლიის პორტის პროექტისთვის ინვესტივიების მოზიდვის დასრულების პროცესი.

მამუკა ხაზარაძემ ასევე დასძინა, რომ პროკურატურის მხრიდან არაერთხელ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, ვინაიდან იმ დროს როდესაც ის და ბადრი ჯაფარიძე მოწმის სტატუსით სარგებლობდნენ, ხდებოდა ირიბი მინიშნება, რომ ხაზრაძე და ჯაფარიძე „ფულის გათეთრების სქემაში“ მონაწილეობდნენ.

გარდა ამისა, ხაზარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათთვის ბრალის წარდგენა მოხდა მას შემდეგ რაც მათ საზოგადოებრივი მოძრაობა დაიწყეს, რაც მიუთითებს რომ მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

"პრობლემა არის იმაში, რომ პროკურატურა შესულია ჩიხში. ასრულებს პოლიტიკურ დავალებას. როგორც კი მათ დაინახეს, რომ თანხის გადარიცხვა მოხდა იმ პარტნიორებთან, რომელთანაც ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი გამოძიების უსუსურობაზე ისიც მიუთითებს, რომ დღესაც კი არ იციან, რომ ეს ოთხივე პარტნიორი, ჩვენი ერთ-ერთი კომპანიის აქციონერები არიან. მე არაკვალიფიციურობის ისეთი დონე ვნახე, რომ გაოცებული ვარ, როდესაც 25 დეკემბრის გამოკითხვაზე ერთ-ერთმა პროკურორმა მკითხა "ქონვერშენ ექსჩეინჯი“ რა კომპანიააო? ოთხივე არის ჩვენი პარტნიორი. ყველა დოკუმენტაცია წარმოდგენილია. მათ მიერ ნასესხები ფული ჩადებული იქნა „თიბისი ბანკის“ კაპიტალში, იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ეროვნულმა ბანკმა გააჩერა „თიბისი ბანკი“ და აუკრძალა მას სესხების გაცემა. ჩვენი როგორც ყველაზე მსხვილი აქციონერების ერთადერთი ამოცანა იყო, რომ ბანკი აგვემუშავებინა, ვისესხეთ მაღალპროცენტიანი სესხი. თქვენ ნახავთ ხელშეკრულებაში, რომ მიზანმიმართული სესხი იყო, რომელიც კაპიტალში უნდა ჩადებულიყო. მოხდა ამ სესხის დაბრუნება ავთო წერეთლისგან ნასესხები ფულით, ზუსტად იმ დღეს, იმ საათში და იმ პროცენტით, რომლითაც ვისესხეთ. მე მაქვს კითხვა - სად არის აქ „ფულის გათეთრება“ ან ნიშნები? ჩვენ ფული არამარტო ავთოსგან ვისესხეთ, 80 მილიონი დოლარი ვისესხეთ, რატომ ლაპარაკობთ მხოლოდ 17 მილიონზე? 60 მილიონი გვასესხა ამერიკის წამყვანმა ბანკმა, "GP MORGAN"-მა. ეს ფული ყველაფერი წავიდა „თიბისი ბანკში“, მის კაპიტალში. არც ერთი თანხა ოფიციალურად არ წასულა არც ბადრის არც მამუკას, არც რომელიმე ჩვენთან აფილირებული კომპანიის ანგარიშზე. ამ ოპერაციის შედეგად ჩვენ ვერ განვსაზღვრავდით, რომ მოხდებოდა 2008 წელს ომი. ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. შედეგად ჩვენ გავკოტრდით, 2008 წელს ბანკმა ნახა ზარალი, მე და ბადრიმ და შედეგად ბანკის 60 პროცენტი დავთმეთ, რათა ის გადაგვერჩინა. შესაბამისად, საქმეს არ ყავს დაზარალებული. ჩვენ ვართ დაზარალებულები. საქმეს არ ყავს მომჩივანი, პოლიტიკური პროკურატურის გარდა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.