ფარმაცევტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ უმჯობესია, ზოგიერთი მედიკამენტი ურეცეპტო წამლების ჯგუფში გადავიდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა სამინისტროში მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებისას სერგეენკომ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი და ამოცანაა ეტაპობრივი შეფასება, თუ როგორ მიმდინარეობს წამლის კანონში შესული ცვლილებების სოციალური დანერგვა და იმპლემენტაცია.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩართული არიან, ატარებენ მონიტორინგს. ჩემი მოსაზრებაა, ვეცადოთ ერთად შევაფასოთ განვლილი ერთი კვირა. ვნახოთ, რა არის გამოსასწორებელი, გასაუმჯობესებელი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. კანონი, რა თქმა უნდა, უნდა შესრულდეს, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს ერთადერთი მოტივაციით – პაციენტისთვის იყოს კომფორტული, უსაფრთხო და ხარისხიანი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც შეხვედრაზე ფარმაცევტული ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რეცეპტებთან დაკავშირებით კონკრეტული პრობლემები გამოიკვეთა, თუმცა მისი თქმით, სააფთიაქო სექტორი ყველაფერს აკეთებს, რომ პაციენტები არ იყვნენ უკმაყოფილო.

ამასთან, ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირინა ჭელიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება რიგი წამლები ამ ეტაპზე დროებით მეორე ჯგუფიდან მესამე ჯგუფში, ანუ ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჯგუფში გადავიდეს.

ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აგვისტოს თვეში კონკრეტული ცვლილებები განხორციელდა და გარკვეული წამლები გადავიდა როგორც მესამედან მეორე ჯგუფში, ასევე პირიქითაც.