საბურთალოს "სითი მოლში" 210 მლნ ლარის ოდენობის ქართული ინვესტიცია განხორციელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „სითი მოლი საბურთალოს“ სავაჭრო-გასართობი ცენტრის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ცენტრი ვაჟა - ფშაველას გამზირზე მდებარეობს და 120,000 კვ. მეტრზეა განლაგებული. ცენტრის მშენებლობაში 210 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 3,500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ცენტრის გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და „სითი მოლის“ ინვესტორმა, ბიზნესმენმა მინდია საბანაძემ.

„სავაჭრო-გასართობი ცენტრის პროექტი ქართული ინვესტიციით განხორციელდა და მას მხარდაჭერა აღმოუჩინა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა 3,500 ახალი სამუშაო ადგილი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.