ზოგიერთი მედიკამენტი შესაძლოა, ისევ ურეცეპტოდ გაიცეს

ფარმაცევტული კომპანიები მეორე ჯგუფიდან მესამე - ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჯგუფში გადასატან მედიკამენტების სიას ჯანდაცვის სამინისტროს დღეს მიაწვდიან.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ფარმაცევტულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სიას სამინისტროში დღესვე გააანალიზებენ.

ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა დღეს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დააყენეს.

"ერთი იყო მედიკამენტების ნაწილის გადატანა ჯგუფიდან ჯგუფში. დღის განმავლობაში მოგვაწვდიან სიებს და მას დღესვე გავაანალიზებთ. მეორე საკითხი არის ის, რომ მიდიოდა ხშირად ექიმებისგან არასრულყოფილად გამოწერილი რეცეპტები, ამაზე შევთანხმდით კომუნიკაციასა და კონკრეტულ რეაგირებაზე. მესამე საკითხი, რაც მათ მიერ იყო წამოყენებული, ის იყო, რომ უფრო მკაცრი კონტროლი განგვეხორციელებინა იმ აფთიაქებისადმი, რომლებიც დარღვევით ახორციელებენ ამ რეგულაციას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მოვალეობაა და ასეც მოვიქცევით", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.