საქართველოდან ჩინეთში სანელებლების ექსპორტი  გაიზარდა

საქართველოდან ჩინეთში სანელებლების ექსპორტი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთში კოჭას, ზაფრანას, ურცის, დაფნის ფოთოლის, კარისა და სხვა სანელებლების ექსპორტმა - 1 751.2 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 65.3 ათასი დოლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 719.2 მლნ აშშ დოლარს (11.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 474.5 მლნ აშშ დოლარს (3.3 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. მათ შორის ჩინეთში საანგარიშო პერიოდში 125 161.6 ათასი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. ხოლო სავაჭრო ბრუნვამ საქართველო-ჩინეთს შორის 772 378.4 ათასი დოლარი შეადგინა და ამ მხრივ ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში ბოლო პოზიციაზეა.

თაია არდოტელი