„სავანე ღვინის N1 ქარხანა” საზოგადოებას და სასამართლოს, 5 წელი ატყუებდა!"

სააპელაციო სასამართლომ „სავანე ღვინის #1 ქარხნის” სარჩელი არ დააკმაყოფილა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ღვინის ქარხანა #1“ ავრცელებს. როგორც „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა ჟურნალისტებთან, სააპელაციო სასამართლოში, “ღვინის ქარხანა #1-ის” სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „კეთილსინდისიერი მესაკუთრეების ინტერესები საქართველოში დაცულია”.

არჩილ თაბაგარის თქმით, სასამართლომ „სავანე ღვინის ქარხნის” სარჩელი, რომელიც სიცრუეზე იყო აგებული, არ დააკმაყოფილა. ის აქვე დასძენს, რომ წარმოდგენილი სარჩელი სრული ფალსიფიკაცია იყო.

„მინდა დავიწყო იმით, რომ დღეს, სასამართლომ ნამდვილად ჩააბარა ღირსეულად და წარმატებულად ის ტესტი, რომელზეც მე ვსაუბრობდი. მან ძალიან ნათელი და ერთმნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნა საზოგადოებას, რომ საქართველოში კერძო საკუთრება არის დაცული. კეთილსინდისიერი მესაკუთრეების ინტერესები საქართველოში დაცულია. ეს იყო ობიექტური, სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლითაც „ღვინის ქარხანა #1″ის ინვესტორებს აღუდგათ ის განცდა, რომელიც ეს პერიოდი დაკარგული ჰქონდათ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებისთვის. მოდავე მხარე, რომელიც ამბობდა, რომ უკანონოდ ჩამოერთვა საკუთრება, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა,”-ამბობს თაბაგარი.

მისივე გადაწყვეტილებით, ისინი პროკურატურას აუცილებლად მიმართავენ. თაბაგარის თქმით, მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის #1 ქარხანა” მიზნად ისახავდა ქონების თაღლითური გზით მითვისებას კეთილსინდისიერი შემძენებისაგან.

„ისინი ცდილობდნენ ტყუილზე აგებული სარჩელით, სასამართლოში დაზარალებულების ილუზია შეექმნათ. ჩვენი აზრით, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს იმის, რომ ისინი მიზნად ისახავდნენ თაღლითური გზით ქონების მითვისებას კეთილსინდისიერი შემძენებისაგან. მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ საკუთრება თავის დროზე ძალიან მართლზომიერად გაასხვისეს, საკუთრების დაბრუნების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ისინი 5 წელი ატყუებდნენ საზოგადოებას და სასამართლოს. ეს ჩვენ გვიჩენს იმის განცდას და შეგრძნებას, რომ ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავდა საფარველის შექმნით მატერიალური გამორჩენა მიეღოთ. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ამ საქმეში ჩართული იყო ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორი. ეს პროცესები გაგრძელდება. პროკურატურისგან ფაქტების სამართლებრივ შეფასებას მოვითხოვთ.“,- განმარტავს თაბაგარი.

„ღვინის ქარხანა N1-ის“ სასამართლო სხდომა შეაფასა ჟურნალისტებთან მწერალმა დათო ტურაშვილმა და განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ დღეს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.

„მე ვფიქრობ, სასამართლოს ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ სახელმწიფოს ეხება. ძალიან მიხარია, რომ აღმოჩნდნენ ადამიანები, ამ სისტემაში, სასამართლოში, რომელთაც სურვილი, ძალა, ენერგია და ნება აღმოაჩნდათ, არ დაეჩაგრათ ადამიანები. ასეთი შედეგი რომ არ ყოფილიყო, მთელს საქართველოში ცუდი განვითარება მოყვებოდა. სინამდვილეში მართლა ასეა, ჩვენ თუ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომლის აშენებაც სახლის აშენების პროცესს გავს, საძირკველის გარეშე როგორც სახლი, ასევე სახელმწიფო ვერ აშენდება. სახელმწიფოს საძირკველი არის დამოუკიდებელი სასამართლო. თუ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვერ შევდგებით. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ნაცნობებს, უცნობებს, ვინც გადაწყვიტა დადგეს იქ, სადაც სამართალია. მადლობა ყველას გაბედულობისა და სიმართლისთვის“,- ამბობს დათო ტურაშვილი.

„თაღლითობა და სასამართლოში ხელების ფათური ვერავინ უნდა გაბედოს!“ - ასე შეაფასა პროცესი „ღვინის ქარხანა #1-ის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ გოგა კალანდაძემ.

„ღვინის ქარხანა N1-ის“ სასამართლო სხდომა, სადაც, სასამართლომ, „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გოგა კალანდაძის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ღვინის ქარხანა N1-ის“ საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ დაემორჩილებიან, გაუძლებენ წნეხს, არ აიღებენ ქრთამს და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს ამ ბრძოლაში, სამართლიანობისთვის ბრძოლაში მთელი საქართველო. თაღლითობა და ხელების ფათური სასამართლოში ვერავინ ვერ უნდა გაბედოს. ჩვენ ფუნდამენტალურ უფლებებს არ გავათელინებთ ფეხ-ქვეშ. ჩვენ ამდენი მეგობრები, ასეთი ძალა გვაქვს. წარმოიდგინეთ იმათი ბედი, ვინც სასამართლო სხდომაზე სხედან და ასე აბუჩად იგდებენ. წლების განმავლობაში ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში ჰყავთ. დღეს სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მადლობა მოსამართლეებს ვაჟკაცობისთვის. არ არის ასეთი მარტივი ამ თაღლითების წინააღმდეგ წასვლა. მადლობა მას ვინც გვერდში გვედგა“, - განაცხადა გოგა კალანდაძემ.

„შეგახსენებთ, რომ „ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა. თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.

დღეს სააპელაციო სასამართლომ “სავანე ღვინის #1 ქარხანის” სარჩელი, რომელიც ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა“, - ნათქვამია „ღვინის ქარხანა #1“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.