ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება იწყება

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას იწყებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში ხილის გადამამუშავებელი კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, მათ ასევე საშუალება ექნებათ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მე-6 კომპონენტის ფარგლებში კრედიტი აიღონ, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არა ნაკლებ 0.10 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიციატივით, საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქ. გორში დღეიდან საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

უწყების ცნობით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. მათივე შეფასებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.