საქართველოში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაიზარდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7 802 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,3 პროცენტით მეტი) 5621,7 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23,9 პროცენტით მეტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნებართვების 71 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49,2 პროცენტი თბილისზე; 11 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და 10,8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

„გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36,2 პროცენტი თბილისზე; 14,4 პროცენტი - კახეთის, ხოლო 9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულია 1 923,7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 32,3 პროცენტით მეტი) 1 802 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 1,5 პროცენტით ნაკლები),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი