ფულის გათეთრების რისკი ყველაზე მეტად სათამაშო ბიზნესშია, ხოლო საბანკო და უძრავი ქონების სექტორში რისკი საშუალოა

მთავრობამ „საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში და სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ანგარიშის მიზანია კომპეტენტური ორგანოების და კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლება საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკებზე. კერძოდ, ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ძირითადი მიგნებები ხელს შეუწყობს კომპეტენტური ორგანოების მიერ, რისკების პროპორციულად, პრიორიტეტების განსაზღვრას და რესურსების ეფექტურ განაწილებას. ასევე ანგარიშში მოცემული ინფორმაცია დაეხმარება ანგარიშვალდებულ პირებს თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენასა და მართვაში.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ეროვნულ დონეზე და სექტორების მიხედვით ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანების რისკების შეფასება. ეროვნულ დონეზე ფულის გათეთრების რისკი შეფასდა როგორც საშუალო, ხოლო ტერორიზმის დაფინანსების რისკი - დაბალი.

რაც შეეხება სექტორებს, ანგარიშის თანახმად, ფულის გათეთრების რისკი ყველაზე მეტად სათამაშო ბიზნესში არსებობს. კერძოდ, ამ სექტორში რისკი შეფასდა როგორც საშუალო-მაღალი. ამასთან, საბანკო, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და უძრავი ქონების ბაზარზე ფულის გათეთრების რისკი შეფასდა როგორც საშუალო.

„რისკების შეფასების ანგარიშში მოცემული რისკის ყველა დონე ე.წ. ნარჩენი რისკია, რომლის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული როგორც ეროვნულ დონეზე სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემის ეფექტურობა, ისე სექტორების მიხედვით, შესაბამისობის კონტროლის სისტემების ხარისხი. ანგარიშში არსებული თემატური მიმართულებები ერთმანეთთან კავშირშია და თითოეულის რისკის დონეზე ახდენს გავლენას. რისკების შეფასება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.

პირველ ეტაპზე თემატური ქვეჯგუფების მიერ წინასწარი რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება მოხდა. მეორე ეტაპზე თემატურმა ქვეჯგუფებმა წარმოადგინეს რისკ-ფაქტორების ხასიათის, წყაროს და მასშტაბის სიღრმისეული ანალიზი, რასაც საფუძვლად დაედო მრავალმხრივი სტატისტიკური მონაცემები და ანალიზი. მაგალითად, ფულის გათეთრების საქმეებში გამოყენებული modus operandi-ს შესწავლა განხორციელდა. მესამე ეტაპზე სამუშაო ჯგუფმა ერთობლივად იმსჯელა რისკ-ფაქტორების წონასა და რისკის მატერიალიზების ალბათობის ხარისხზე, ხოლო შემდეგ კონსენსუსით განსაზღვრა, თითოეული თემატური მიმართულებით, რისკის დონე. პროცესის ბოლოს ჩატარებულ ვორქშოფზე მოეწყო საჯარო დისკუსია სამუშაო ჯგუფის მიგნებებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები.დისკუსიის შედეგები აისახა რისკების შეფასების საბოლოო ანგარიშში,“-აღნიშნულია დოკუმენტში.

თაია არდოტელი