ვახტანგ შაქარიშვილის ინფორმაციით, მერიამ კორუფციული გარიგების შედეგად, მონოპოლია გადასცა კომპანია "ალმას", რომელიც აზარტული თამაშების რეკლამირებას ახორციელებს

დამოუკიდებელი დეპუტატის ვახტანგ შაქარიშვილის განცხადებით, „თბილისის მერიამ მონოპოლია გადასცა კორუფციული გარიგების შედეგად კომპანია "ალმას", რომელიც აზარტული თამაშების რეკლამირებას ახორციელებს.

მისივე თქმით, აუცილებელია აღნიშნულ ფაქტზე ხელისუფლების რეაგირება და ამ გარიგების გაწყვეტა. აღნიშნული განცხადება შაქარიშვილმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„თბილისის მერიამ მონოპოლია გადასცა კორუფციული გარიგების შედეგად კომპანია „ალმას". ეს არის ძმებ ფხაკაძეებთან დაკავშირებული კომპანია, რომლებიც იყვნენ სააკაშვილი-უგულავას ხელისუფლების დროს მოლარეები, ისინი კვლავ ამ საქმიანობას აგრძელებენ "ქართული ოცნების" მმართველობისას. ეს არ იკმარა თბილისის მერიამ და სხვისი უძრავი ქონებაც კი გადასცა კომპანია „ალმას". ეს არის ავტობუსის მოსაცდელები, თავად ტრანსპორტი, თითოეულ მათგანზე განთავსებულია მხოლოდ აზარტული თამაშების რეკლამები. ეს არის დანაშაული საკუთარი საზოგადოების მიმართ" ,- განაცხადა შაქარიშვილმა.

საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ ტაქსების მფლობელები „აიძულეს, რომ საკუთარ მოძრავ ქონებაზე ატარონ აზარტული თამაშების რეკლამა".