საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დაიწყო

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით თანამშრომლობა დაიწყეს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია 1 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართა და მას ასამდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

მათივე ცნობით, პარტნიორობის მიზანი იმ წევრი კომპანიების რაოდენობის გაზრდაა, რომლებიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში აქტივობებს განახორციელებენ.

„ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ, საქართველოს პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ და ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო კობახიძემ.

თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდება. პროექტის მიზანია, გაზარდოს კერძო სექტორის ჩართულობა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში. ამ პროცესში გამოყენებული ძირითადი ინსტრუმენტი კი ქალთა გაძლიერების პრინციპებია, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს გლობალური შეთანხმების ოფისმა 2010 წელს შეიმუშავეს. ამჟამად საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპებს 35 კომპანიის ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი“, - აღნიშნულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.