საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს სახელწოდება ეცვლება და მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაერქმევა

საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს სახელწოდება ეცვლება და მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაერქმევა. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიზნები, საქმიანობის სფეროები და ფუნქციებია განსაზღვრული.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროებია: სამეცნიერო კვლევების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, კვლევების შედეგების მედიცინასა და მეცნიერების სხვა დარგებში დანერგვა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და საინჟინრო სპეციალობებით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება.

უნივერსიტეტის მართვის ორგანოებად განისაზღვრება აღმასრულებელი დირექტორი, მრჩეველთა საბჭო და სამეცნიერო საბჭო.

რაც შეეხება დაფინანსებას, უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; გრანტები; შემოწირულებები; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.