DW: 20 წელიწადში გერმანიაში  ყოველი მე-3 ადამიანი მიგრატნი ან მიგრანტის შთამომავალი იქნება

20 წელიწადში გერმანიაში მცხოვრები ყოველი მე-3 ადამიანი მიგრატნი ან მიგრანტის შთამომავალი იქნება. ამის შესახებ სტატიას Deutsche Welle გერმანიის დასაქმების ფედერალური ინსტიტუტის მეცნიერ ჰერბერტ ბრუკერის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, 2040 წლისთვის გერმანიის დიდი ქალაქების მოსახლოების 70% მიგრანტები იქნებიან. ამასთანავე, თუ დღეისათვის უცხოელების უმეტესი ნაწილი დიდ ქალაქებში ცხოვრობს, რამდენიმე ათწლეულში ისინი სასოფლო ტიპის დასახლებებშიც დაიწყებენ ცხოვრებას.

„ის მდგომარეობა, რასაც ჩვენ დღეს გერმანიის დიდ ქალაქებში ვხედავთ, 20 წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. ამასთანავე, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც ფრანკფურტია მიგრანტებისა და მიგრანტების შთამომავლების რაოდენობა 60-70%-ს გადააჭარბებს“- აცხადებს ბრუკერი.

მეცნიერის აზრით, დღეს გერმანიის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. შედეგად 2060 წლისთვის ქვეყანას ყოველწლიურად დამატებით 400 000 ადამიანით მეტი დასჭირდება, რათა შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის გერმანიაში 82 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლოების 76.4%-ს გერმანელები, 9.8%-ს ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეები, 3%-ს კი თურქები შეადგენენ.

ბექა ბერიაშვილი