აშშ-ის წამყვან ტელევიზიებში საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე  სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აშშ-ის წამყვან ტელევიზიებში (Fox News, CNBC და სხვა) საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ექვსთვიანი სარეკლამო კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 40 მილიონზე მეტ აუდიტორიას დაფარავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, კამპანიის მიზანია ამერიკულ აუდიტორიას საქართველო გააცნოს.

„კამპანიის მიზანია ამერიკულ აუდიტორიას გააცნოს საქართველო - მისი ეკონომიკური პოტენციალი და მნიშვნელოვანი როლი როგორც რეგიონის კარიბჭე, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კომერციული და სავაჭრო კავშირების მეტად გამრავალფეროვნებასა და გაღრმავებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლი “Good For Business, Good for America“, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა წამყვან ტელეარხებზე გადის.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კამპანია აშშ -ში პირველად ტარდება და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოსთან პარტნიორობით აწარმოებს.

კამპანიის პირველი ნაწილი მიმდინარე წლის მაისი-ივლისის პერიოდში განხორციელდა, ხოლო მეორე ეტაპი სექტემბერი-ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.