კონკრეტულად რა იცვლება ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  - დეტალები კანონპროექტიდან

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.

შსს-ს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება პრომლების, ანუ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება. უფრო კონკრეტულად, დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია - რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.

შს სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.

„ნასვამობასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია კონკრეტულად ვისაუბროთ იმ პრომილეებზე, რაც ალბათ აინტერესებთ მოქალაქეებს. ჩვენ არაერთხელ ვითხოვდით ადმინისტრაციულ პატიმრობას კონკრეტულად ამ დარღვევაზე, რადგან ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია. რაც შეეხება ცვლილებებს, თუ მაგალითად ამ დრომდე იყო მხოლოდ მართვის მოწმობის 1 წლიანი ჩამორთმევა, ცვლილებების მიხედვით, მიდგომები მკაცრდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქამდე არ გვქონია პასუხისმგებლობა ისეთ შემთხვევებზე, თუ ამ 1 წლის განმავლობაში პირი კვლავ ჩაიდენდა აღნიშნულ დანაშაულს. ცვლილებების თანახმად, უკვე ადმინისტრაციული სახდელი შემოდის. კერძოდ, მე-2 დარღვევაზე მძღოლს 3-დან 15 დღემდე პატიმრობა, ხოლო მე-3 შემთხვევაზე 10-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება. კანონი ემსახურება იმას, კონკრეტულად ამ დანაშუალს ისეთი პასუხისმგებლობით მივუდგეთ, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაშია. ხაზგასასმელია, ისიც რომ როდესაც ამ ტიპის ცვლილებები შედის კანონში, მძღოლების მხრიდან ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა იგრძნობა,“-აღნიშნა ლალიაშვილმა.

რაც შეეხება ალკოჰოლური თრობის ქვეშ ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებით, კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია:

  • სისხლში ეთინოლის 0,3 პრომილედან - 0,7 პრომილემდე შემცველობაზე - 500 ლარი და 1 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა;
  • 0,7 პრომილედან ზევით - 1000 ლარი და 1 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა;
  • შემოწმებისთვის თავის არიდება -1000 ლარი და მართვის უფლების ჩამორთმევა 1 წლით.

ნასვამი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მეორედ/მესამედ მართვის შემთხვევებზე, პასუხისმგებლობად განისაზღვრა მართვის უფლების ჩამორთმევა და ამავდროულად შემოღებულია დამატებითი სახდელი - ადმინისტრაციული პატიმრობა, სხვადასხვა ვადით. კერძოდ:

  • სიმთვრალის გამეორება სახდელის მოხდამდე - მართვის უფლების ჩამორთმევის 1 წლით გაზრდა და ადმინისტრაციული პატიმრობა 3-დან 15 დღემდე ვადით;
  • სიმთვრალის მესამედ ჩადენა სახდელის მოხდამდე - მართვის უფლების ჩამორთმევის 2 წლით გაზრდა და ადმინისტრაციული პატიმრობა 7-დან 15 დღემდე ვადით.
  • ნასვამ და მართვის უფლების არ მქონე პირის მიერ ავტომანქანის გამეორებით მართვა - ჯარიმა 2 500 ლარი და 10-დან 15 დღემდე პატიმრობა.
  • ნასვამი პირის მიერ მეორედ/მესამედ სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევებზე, რასაც მოჰყვება ავარია, მძღოლი დაჯარიმდება 3 500 ლარით, მართვის უფლების ჩამორთმევა გაეზრდება 3 წლის ვადით და ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება 10-დან 15 დღემდე ვადით.

თაია არდოტელი