პროფკავშირების ორგანიზებით, თბილისში ეკონომისტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდითა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისში ეკონომისტთა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებსა და მათი მიღწევის გზებზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში განხილულ იქნა ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის, მინიმალური სასურსათო კალათის დათვლის მეთოდოლოგია, აგრეთვე ხელფასის განსაზღვრის საერთაშორისო სტანდარტი. დისკუსია შეეხო, კოლექტიური ხელშეკრულებების, არაფორმალურ სექტორში არსებული მდგომარეობის, მიგრაციის და დასაქმებულთა განათლების საკითხებს. სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები წარმოადგინეს. ასევე განიხილეს საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთში, უკრაინაში შრომის კუთხით არსებული მდგომარეობა.

„განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია მსოფლიო ბანკის და მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკა, არაერთხელ აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკს ისევე, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს აქვს პასუხისმგებლობა მსოფლიო პროფკავშირების წინაშე, რომ გასცენ კრედიტები ისეთ ორგანიზაციებზე, სადაც ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომითი უფლებები დაცულია. ამერიკელი და ევროპელი მოწვეული ექსპერტები დღეს ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ თუ არ იქნება უზრუნველყოფილი ისეთი საბაზისო ნორმები, როგორიცაა უსაფრთხო შრომა, მინიმალური ხელფასი - მსხვილ კორპორაციებს ამ ქვეყანაში შემოსვლის სურვილი დაეკარგებათ, რადგან სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესს უჭირს ველურ და დერეგულირებულ გარემოში შესვლაც და თავის დამკვიდრებაც“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველო არა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების ინტერესების შესაბამისად მოქმედებდეს, არამედ საკუთარი ამბიციები, განვითარების გეგმა და სტრატეგია ჰქონდეს და მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდეს.