ჯანდაცვის სამინისტრო გარკვეული ჯგუფებისთვის, მათ შორის სოციალურად დაუცველებისთვის კონტრაცეპტივების უფასოდ გადაცემაზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის კონტრაცეპტივების უფასოდ გადაცემის საკითხზე მუშაობს.

როგორც AMBEBI.GE წერს, 2017 წელს დამტკიცებული „დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის“ მიხედვით, 2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს დაფინანსება იმისთვის, რომ საპეციალურ სამიზნე ჯგუფებს, მათ შორის სოციალურად დაუცველ ქალებს კონტრაცეპტივები უფასოდ გადაეცეს.

დოკუმენტის მიხედვით, ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელმაც სტრატეგიის მთავარ მიზანს, ოჯახის დაგეგმვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას უნდა შეუწყოს ხელი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ ამ საკითხე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა დაინერგება თუ არა ეს ცვლილება, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„როგორც სტრატეგიაშია აღწერილი, ოჯახის დაგეგმვის მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულია, თუცა რომ გითხრათ, რომ ახლა სამინისტროში დგას კონტრაცეპტივების შესყიდვის საკითხი იმ მიზნით, რომ შემდეგ ისინი უფასოდ დარიგდეს, ეს ასე არ არის. ეს არის კომპლექსური თემა და ამაზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს. მომზადებულია კითხვარი, ჩართულია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია - სად, როგორ, რანაირად უნდა მოხდეს ცვლილებები. უფრო მკაფიოდ არის განსასაზღვრი ამის საჭიროება. სტრატეგიაში რაც წერია, ის არ არის სავალდებულო შესასრულებელი ხასიათის. სტრატეგია გადახედვას ექვემდებარება, თუმცა რაც იქ წერია, იმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ აუცილებლობა გამოიკვეთა, ამ კონტრაცეპტივების შეძენას დიდი თანხა არ სჭირდება და რესურსი მოიძებნება“ - განუცხადა თამარ გაბუნიამ AMBEBI.GE-ს.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფო განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს უფასოდ სთავაზობს საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციის სერვისს - ე.წ. სპირალს.

„რეფერალური პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფცია, ე.წ. სპირალი უკვე წლებია ფინანსდება. ამ მომსახურების მიღება უფასოდ შეუძლიათ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან: სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები, ძალადობის მსხვერპლი ქალები და ა.შ. მომსახურების მიღებმა პირმა საჭიროების ყოველ ჯერზე უნდა მიმართოს განცხადებით სამინისტროს. განცხადების განხილვის შემდეგ, რეფერალური პროგრამის ფარგლებში ამ კონტრაცეფციის გამოყენება დაუფინანსდებათ. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ბევრი განცხადება არ გვაქვს, არ ვიცი ეს იმის ბრალია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა აქამდე, თუ სხვა რამის. ვისაც აქვს უკიდურესი საჭიროება კონტრაცეფციის ამ მეთოდის, შეუძლიათ მოგვმართონ,“ - აცხადებს გაბუნია.