"ველოდებით, რომ ბიუჯეტი, როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრების, ისე ნომინალური მაჩვენებლების კუთხით გადაიხედება"

პარლამენტში მესამე მოსმენისთვის ნომინალური მაჩვენებელებით ბიუჯეტის პარამეტრები გაზრდილი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა ცოტნე ყავლაშვილმა განუცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ნოემბრის ბოლოს პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე მოსმენა გაიმართება. როგორც ყავლაშვილი აცხადებს, ნომინალური მაჩვენებელებით ბიუჯეტის პარამეტრები გაზრდილი იქნება, ასევე გადაიხედება მაკროეკონომიკური პარამეტრები.

რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ცოტნე ყავლაშვილის თქმით, „დეფიციტი არ გაიზრდება და ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნებული იქნება გონივრული პარამეტრის ფარგლებში.“

ამასთან, მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებაზეც ისაუბრა და

აღნიშნა, რომ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, საქართველო ძალიან ჯანსაღ ტრენდს აჩვენებს.

„ზოგადად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეგიონისთვისაც მცირედით შემცირებულია, ამან იქონია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე გავლენა საქართველოსთან მიმართებაში და მცირედით შემცირებულია საქართველოს ეკონონომიკური ზრდის პროგნოზი. მოგეხსენებათ, ახლა ვმუშაობთ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაზე, ეს პროექტი უკვე მეორე მოსმენითაა წარდგენილი პარლამენტში, თუმცა ჩვენ გვაქვს მესამე მოსმენა და ველოდებით, რომ ბიუჯეტი, როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრების, ისე ნომინალური მაჩვენებლების კუთხით გადაიხედება. ვფიქრობთ, რომ მესამე მოსმენისთვის ნომინალური მაჩვენებლები გაზრდილი იქნება.

ჩვენ სავალუტო ფონდთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და გავიხილავთ სხვადასხვა სცენარებს, ბიუჯეტის პარამეტრები აბსოლუტურ შესაბამისობაშა იმ პერსპექტივებთან, რაც ჩვენს ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს“, -აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის ბიუჯეტის მოცულობა 16 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული და მასში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია.