მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქტექნიკური სისტემის გაფართოების პროექტის გამო შპს „საქაერონავიგაციას“ მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგრძნობლად მოიმატა ფრენების ნაკადმა (ბოლო სამ წელიწადში გაზრდილია 66,3%-ით) და საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქტექნიკური სისტემების გაფართოების პროექტის განხორციელება, ფრენის უსაფრთხოების მიზნებისათვის. პროექტი ითვალისწინებს აეროპორტში საჰაერო ხომალდების 132 კურსით (ალექსეევკის მხრიდან) მიღების შესაძლებლობას და შესაბამისად, აღნიშნული კურსისთვის კატეგორიის მინიჭებას, რაც გულისხმობს შუქტენიკური მიახლოების სანათების სისტემის მოწყობას არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ღერძის გასწრივ, ზღურბლიდან 900 მეტრის მანძილზე (ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ღერძის ზღურბლიდან ყოველ 30 მეტრში შუქტექნიკური მიახლოების სანათების ანძების განთავსება).

პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება უსაფრთხოების დონე, ასაფრენ-დასაფრენ ზოლის 132 კურსს მიენიჭება ICAO CATI სტატუსი და ცუდი მეტეოპირობების შემთხვევაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს საჰაერო ხომალდების ორივე კურსით მიღებას,“-აღნიშნულია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში. ამასთან, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მითითებული პროექტის განხორციელების მიზნით სახელმწიფომ შპს „საქაერონავიგაციას“ გადასცა 14 ერთეული მიწის ნაკვეთი. პროექტის ფარგლებში ასევე მოექცა ფიზიკური პირის ვენჰაო იანგის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ქვემო ალექსეევკის II ქუჩაზე მდებარე 748 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით.

ბრძანების მიხედვით, დასახელებულ პირს შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მან უარი განაცხადა. შესაბამისად, „საქაერონავიგაციას“, უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.

თაია არდოტელი