სემეკი კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს აქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებზე იმსჯელა და მოქალაქეებს კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა.

სემეკის ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ოდენობა, ჯამში 19 433, 42 ლარს შეადგენს.

"დავების უმეტესობა ხანდაზმულ დავალიანებებსა და კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს შეეხებოდა. დღევანდელ სხდომაზე ხანდაზმულ დავალიანებებთან დაკავშირებით ყველაზე მეტი განცხადება/საჩივარი სს "თელასის" მიმართ იყო, ხოლო უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხების შემთხვევაში – შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიმართ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის 12 მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში კომპანიებსა და მოქალაქეებს შორის არსებულ დავებთან დაკავშირებით 724 განცხადება/საჩივარი შევიდა. მათ შორის, ბუნებრივი გაზის საკითხებთან დაკავშირებით –308; ელექტროენერგიის – 308 და წყალმომარაგების – 115.

ბუნებრივი გაზის სექტორში მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მეტი – 283 განცხადება/საჩივარი შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიმართ დაფიქსირდა.

ელექტროენერგეტიკის სექტორში ყველაზე მეტი განცხადება/საჩივარი სს "თელასზე" მოდის. 12 მარტიდან 5 სექტემბრის ჩათვლით კომისიაში სს "თელასის " წინააღმდეგ 251 განცხადება/საჩივარია შემოსული.

წყალმომარაგების სექტორში ყველაზე მეტი – 89 განცხადება/საჩივარი შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართაა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კოპანიის წინააღმდეგ 14 განცხადება/საჩივარი შემოვიდა. მოქალაქეების მხრიდან განცხადება/საჩივრებში დაფიქსირებული მოთხოვნების ძირითადი ნაწილი კომპანიების მიერ უსაფუძვლო დარიცხვებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს უკავშირდება.

2014 წლის 12 მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით სამივე სექტორში მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ოდენობამ სულ 271 476 ლარი შეადგინა. აქედან, ბუნებრივი გაზის სექტორში 52 938 ლარი; ელექტროენერგეტიკის სექტორში – 89910 ლარი, ხოლო წყალმომარაგების სექტორში – 128 628 ლარი", - აცხადებენ სემეკში.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განმარტებით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მხრიდან ირღვევა მისი უფლებები, შეუძლია სემეკს მიმართოს.