აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ჯვრის მონასტრის შენარჩუნების და დაცვის პროექტმა გაიმარჯვა კონკურსში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი პროექტი მონაწილეობდა

ამინდის მკაცრი პირობების და ტურისტების ნაკადების გამო, ჯვრის მონასტერი ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა აშშ-ის საელჩოს მიერ ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ფაზის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში გამოაცხადა დაფინანსება პროექტისთვის, რომლის მთავარი მიზანია ჯვრის მონასტრის ძირითადი ტაძრის ფასადის დაზიანებული ქვის კონსერვაცია. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წარადგინა პროექტი, რომელსაც ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP) დააფინანსებს.

როგორც ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, ჯვრის მონასტერი საქართველოს ისტორიის, რელიგიის და კულტურის უკიდურესად მნიშვნელოვანი სიმბოლოა.

„არქიტექტურის თვალსაზრისით მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მნიშვნელოვანი როლი აქვს ქრისტიანობის დაარსებაში საქართველოში. მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენ ვიცით, რომ ამინდის მკაცრი პირობების გამო და ტურისტების ნაკადების გამო, ეს მონასტერი ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვაცხადებთ ამერიკის საელჩოს ახალ პროექტს, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფარგლებში. ამ პროექტის პირველი ფაზა იქნება მთავარი ტაძრის საექსპერტო სამეცნიერო კვლევა. ამ კვლევის საფუძველზე განხორციელდება გეგმა და სტრატეგია მთავარი ტაძრის კედლების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, ეს გეგმა განხორციელდება პროექტის მომავალ ფაზებში. საერთო ჯამში, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და დაცვის ფონდის ფარგლებში 20-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა საქართველოში, მათ შორის გელათის მონასტერში, უფლისციხეში, ასევე იშვიათი ხელნაწერების შენარჩუნება და ა.შ.

ჯვრის მონასტრის შენარჩუნების და დაცვის პროექტმა გაიმარჯვა კონკურსში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი პროექტი მონაწილეობდა", - განაცხადა რუდმა.

ელიზაბეთ რუდმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის საელჩოს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფარგლებში მომავალი ფაზებიც დაფინანსდება.

პროექტის ფარგლებში 100 000 დოლარი გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით განახორციელებს სამუშაოებს.

პროექტის საკონსერვაციო ციკლის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდება ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დადგენის, კლასიფიკაციისა და შემდგომი გეგმის შემუშავების მიზნით.