თბილისის მერია ივერთუბანში საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებას იწყებს

ივერთუბანში, სადაც 600-მდე მოსახლე ცხოვრობს, თბილისის მერია საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის განცხადებით, ივერთუბანში მოუწესრიგებელი საკანალიზაციო ქსელის გამო, თბილისის ზღვა და მასთან მდებარე პატარა ტბა ფეკალიებით ბინძურდება.

„თბილისის ზღვას რაც შეეხება, როგორც გითხარით, აქ გამოიკვეთა გარკვეული არასწორი დაერთებები. ერთ-ერთი, რომელიც მძიმეა, ეს არის ე.წ. ივერთუბნის დასახლება, სადაც დაახლოებით, 600-მდე ოჯახი ცხოვრობს. წლების წინ დედაქალაქის მერიამ იქ განახორციელა სანიაღვრე პროექტი და დღეს ვაწყდებით შემთხვევას, სადაც ხდება უკანონო ჭრები, საკანალიზაციო ქსელის პირდაპირ დაერთებები სანიაღვრო ქსელზე. ეს ყველაფერი კი, თბილისის ზღვის ახლოს მდებარე პატარა ტბაში ჩაედინება. როდესაც არის ნალექიანი ამინდები, ადიდდება ტბა და გაედინება თბილისის ზღვაში. ეს არის პრობლემა.

საუბარი იყო, რომ კანალიზაცია, ფეკალიები „ასბესტის" მილებით ჩაედინებოდა თბილისის ზღვაში. ეს არის არასწორი ინფორმაცია, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.

ივერთუბანში საერთოდ არ არსებობს საკანალიზაციო ქსელი. დღეს შემიძლია გითხრათ რომ, GWP-სთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ პროექტი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იქ მცხოვრებ 600 ოჯახს ექნება მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი, ყველანაირად მოწესრიგებული ქუჩები“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება თბილისის სასმელ წყალს, კალაძე აცხადებს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მისი ლაბორატორიული შემოწმება და არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა.