ხორვატია ევრო ზონაში შესვლას 2024 წლამდე გეგმავს

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ამბობს, რომ ქვეყნის სტრატეგიული გეგმა, ევროზონაში შესასვლელად საჭირო ყველა კრიტერიუმის 2024 წლამდე მიღწევას ითვალისწინებს. ეს ის დროა, როცა მომდევნო მთავრობის ვადა ამოიწურება.

ამ წლის დასაწყისში, ხორვატიამ ევროპის ცენტრალურ ბანკს წერილობით შეატყობინა, რომ ევროპის გაცვლით მექანიზმში (ERM-2) გაერთიანებას აპირებს, რაც ევროზონაში შესვლის წინაპირობაა.

„ჩვენი მიზანი, ERM-2-ში 2020 წლის მეორე ნახევარში შესვლაა. ჩვენ ველით, რომ ამ რეჟიმში ორნახევარი-სამი წელი დავრჩებით. ამის შემდეგ კი ევროზე გადასვლას დავიწყებთ. ეს 2023 წელს, ან 2024 წლის დასაწყისში მოხდება“, - ეკონომიკურ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა პლენკოვიჩმა.

პრემიერი ამბობს, რომ ევროზონაში შესვლა ხორვატიისთვის იმითაა მომგებიანი, რომ მოიკლებს სავალუტო რისკები და ქვეყნის ბიზნესი დაბალი საპროცენტო განაკვეთითაც ისარგებლებს. ეს ყველაფერი კი ეკონომიკას გააძლიერებს.

ხორვატიას მიმოქცევაში საკუთარი ვალუტა, კუნა აქვს, მაგრამ მოსახლეობა საკუთარ დანაზოგებს ძირითადად ევროში აბანდებს. კერძოდ, ბოლო ათწლეულში, ანაბრების თითქმის 75 პროცენტი ევროზე მოდის.

ხორვატია ცდილობს, ბიუჯეტის ბალანსი აკონტროლოს და შემდგომ ხუთწლეულში, სახელმწიფო ვალი, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 60 პროცენტის ზევით არ გაუშვას, რაც ევრო ზონასთან მიერთების ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია.