"რეზონანსი" - ჩინურ კომპანიას აფხაზეთში ელექტრომობილების წარმოება სურს

„ჩინელებს აფხაზეთში ელექტრომობილების წარმოება სურთ", - ასეთი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს აფხაზური პრესა, რასაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ბლეფს უწოდებს. მისი თქმით, ჩინეთი საქართველოსთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს.

გამოცემა „სპუტნიკის" ცნობით, აფხაზეთის „საბაჟო კომიტეტში" შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციასთან, რომელსაც ჩინური კომპანია „ჩაინა უნიკომის" მთავარი ინჟნერი ლონგ ვეიბო, ჩინეთი-აზიის ეკონომიკური განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ლიუ ია ჯუნი და ჩინეთში აფხაზეთის ე.წ. საპატიო კონსული გე ჩჟილი ესწრებოდნენ.

ე.წ. საბაჟო კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჩინეთის დელეგაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტრომობილებისა და მობილური ტელეფონების წარმოება სურს, რომელთა რეალიზებაც მოხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ".

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ჩინეთი ასეთ წინდაუხედავ ნაბიჯს არ გადადგამდა და ეს ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასაჯერებელი, თუ ამის შესახებ ჩინური მედია დაწერდა.

„მე ასეთ რაღაცას გამოვრიცხავ. შესაძლოა აფხაზეთში ვინმე ჩინელი იყო ჩასული და ნიადაგი მოსინჯა, მაგრამ ეს როგორც კი პოლიტიკურ სიბრტყეში გადავა, პროცესი გაჩერდება იმიტომ, რომ ჩინეთისთვის საქართველოსთან კარგ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩინეთის ძალიან ბევრი ინტერესი საქართველოზე გადის.

„ასე რომ, გამორიცხულია აფხაზეთის გამო ჩინეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. ეს აბსურდის დონეზეა და ჩინეთი ამ პროცესებში არანაირად არ ჩაერთვება.

„აფხაზური პრესა ასეთ ბევრ რაღაცეებს წერს და შემდეგ არ სრულდება ხოლმე. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ რაც აფხაზურ პრესაში თითქოს მათ წარმატებაზე იწერება, 99% ბლეფია და სინამდვილეს არ შეესაბამება, მე მათგან წამოსულ ინფორმაციას სერიოზულად არ აღიქვამ.

„მაგალითად თურქეთში ჩადიან, გადაიღებენ პარლამენტთან სურათს და ამბობენ, რომ პარლამეტში ვიყავითო და აღმოჩნდება, რომ სინამდვილესთან არაფერი საერთო არ აქვთ ხოლმე. თუ ჩინელები იტყვიან ან დაწერენ ამაზე, რომ ჩვენ ვიყავით აფხაზეთში და შევთანხმდით რაღაცაზე, ეს უკვე სერიოზულია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

თამთა ჩაჩანიძე

გაზეთი "რეზონანსი"