გამოკითხვა: ბრიტანეთი მომავალ ათწლეულში ამ სახით აღარ იარსებებს

კომპანია „იპსოს მორის“ მიერ, ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარის აზრით, მომავალ ათწლეულში, ბრიტანეთი ამჟამინდელი სახით აღარ იარსებებს.

2016 წელს ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს ამომრჩეველთა 52-მა პროცენტმა ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, ინგლისს, შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის არსებული კავშირი შეასუსტა. შოტლანდიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ ხმა ევროკავშირში დარჩენას მისცეს, უელსმა და ინგლისმა კი გასვლა არჩიეს.

იმ დროს, როდესაც ქვეყანა ბრექსიტის ახალ ბოლო ვადას, 31 იანვარს უახლოვდება, შოტლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებაზე მოთხოვნები სულ უფრო იზრდება. ამასთან, ჩრდილოეთ ირლანდია არ მალავს, რომ ირლანდიის რესპუბლიკასთან შეერთება სურს.

ცნობისათვის, შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2014 წელს უკვე ჩატარდა და მაშინ მის მონაწილეთა 55-მა პროცენტმა ხმა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას მისცა.

„იპსოს მორის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტის აზრით, ათ წელიწადში, ქვეყანა ახლანდელი სახით აღარ იარსებებს. 2014 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მსგავსი მოსაზრება მოსახლეობის 43 პროცენტს ჰქონდა. მხოლოდ 29 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა კვლავაც ამჟამინდელი სახით დარჩება. შედარებისთვის, ასეთი აზრი 2014 წელს მოსახლეობის 45 პროცენტს ჰქონდა.

„იპსოს მორიმ“ მთელი ბრიტანეთის მასშტაბით 1001 მოქალაქე გამოკითხა, რომელთა ასაკი 18 წელზე მეტია. გამოკითხვა 25-28 ოქტომბერს ჩატარდა.