ტაქსების რეგულირების წესში ცვლილება შევიდა

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტაქსების რეგულირების წესში ცვლილება შევიდა.

კერძოდ, წესს დაემატა შესაბამისი მუხლი, რომლითაც ტაქსის ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების ძარის ყველა ელემენტი, მათ შორის ბამპერი თეთრი ფერის უნდა იყოს. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ძარის ზედა ნაწილი (სახურავი) შუშისაა (პანორამა).

ამასთან, მომსახურების გაწევისას სატრანსპორტო საშუალება ვიზუალური შემოწმებით უნდა აკმაყოფილებდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ისე რომ შემმოწმებელი ახდენდეს დადგენილ მოთხოვნებთან აშკარა და ვიზუალურად ნათლად გამოკვეთილი შეუსაბამობის იდენტიფიცირებას, რომლის აღქმაც შესაძლებელია ნებისმიერი პირის მიერ და დაკავშირებული არ არის სპეციალურ/ექსპერტულ ცოდნასთან.

გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახით და ფორმით განახორციელოს შემოწმება. ამასთან, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შემოწმებისას იქონიოს და საჭიროებისას წარადგინოს სამსახურებრივი მოწმობა.

თაია არდოტელი