ჰაკერებმა Disney-ის სტრიმინგ პლატფორმა გატეხეს და ანგარიშებს 3 დოლარად ყიდიან

უცნობმა პირებმა ცოტა ხნის წინ ამოქმედებული სტრიმინგ სერვისი Disney+ გატეხეს და პლატფორმის ანგარიშები გასაყიდად სხვადასხვა ფორუმებზე გაიტანეს.

Disney+ 12 ნოემბერს ჩაეშვა და ზუსტად 1 დღე-ღამეში მის მომხმარებლად 10 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა. სწორედ აღნიშნული დიდი რაოდენობის გამო დაზიანდა მისი ტექნიკური მხარე, რითაც ისარგებლეს ჰაკერებმა და ანგარიშები მოიპარეს. ამის შემდეგ მათ სხვადასხვა ფორუმებზე ან უბრალოდ დაარიგეს, ან მინიმალურ ფასად 3-დან 11 დოლარამდე გაყიდეს ანგარიშები, მაშინ როცა ამ სერვისზე ერთთვიანი ხელმოწერა 7 დოლარი ღირს და ის ორჯერ იაფია მის კონკურენტ Netflix-ის ხელმოწერაზე. შედარებისთვის Disney+ -ის მთავარ კონკურენტებს - Netflix-ს 150 მილიონი, ხოლო Hulu-ს 28 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.

კომპანიის აღნიშნული სიახლის მიმართ მაღალმა ინტერესმა მის აქციებზე ფასის ზრდაც გამოიწვია. შედეგად კი კომპანიის კაპიტალიზაცია 18 მილიარდი დოლარით გაიზარდა. სტრიმინგ სერვისზე ამ მომენტისთვის განთავსებულია 500 ფილმი, დაახლოებით 7500 სხვადასხვა სერიალის ეპიზოდები.

კოკა კვირკველია