კლიმატის ცვლილების გამო გრენლანდიის მთავარ აეროპორტს დახურვა ემუქრება

კლიმატის ცვლილების გამო გრენლანდიის მთავარ აეროპორტს დახურვა ემუქრება. ამ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

გრენლანდიის კანგერლუსაქის აეროპორტი კუნძულზე ყველაზე დიდ საერთაშორისო აეროპორტს წარმოადგენს და ყოველწლიურად 11 000 ავიარეისს ახორციელებს. თუმცა, სპეციალისტების თქმით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში მას დახურვა ემუქრება.

ამის მიზეზი გლობალური დათბობა და ტემპერატურის მატებაა. აეროპორტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ასაფრენი ბილიკი, ყინულითაა დაფარული, რაც აქამდე პრობლემას არ წარმოადგენდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ტემპერატურის მატების გამო თოვლმა და ყინულმა დნობა დაიწყო, რის გამოც ასაფრენი ბილიკის ზედაპირი არამყარი გახდა. ამიტომ აეროპორტის ტერიტორია ავიარეისებისათვის საფრთხის შემცველი გახდა.

ამის გამო გრენლანდიის ხელისუფლებამ კანგერლუსაქის აეროპორტის დახურვა და კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ახალი აეროპორტის მშენებლობა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ გრენლანდია მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის 80%-იც აქამდე მთელი წლის განმავლობაში ყინულით დაფარული იყო.

ბექა ბერიაშვილი