ტრამპმა Apple შესაძლოა, ჩინური საბაჟო ტარიფებისგან გაათავისუფლოს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის განიხილავს კომპანია Apple-ის გათავისუფლებას იმ საბაჟო ტარიფებისგან, რომელიც დაწესებულია ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე. როგორც თეთრი სახლის პრეს-სამსახური იტყობინება, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ტექსასში ქალაქ ოსტინში განუცხადა, სადაც ასევე იმყოფებოდა Apple-ის დირექტორი ტიმ კუკი.

„ჩვენ ამას განვიხილავთ. ჩვენ Apple-ს ისევე უნდა მოვექცეთ, როგორც Samsung-ს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

15 ნოემბერს ტელეკომპანიამ CNN გაავრცელა ინფორმაცია, რომ Apple-მა დაიქირავა ლობისტი დონალდ ტრამპის მოკავშირეებიდან, რათა კომპანია არ აღმოჩენილიყო ჩინეთიდან იმპორტირებული იმ პროდუქციის სიაში, რომელიც გაზრდილი საბაჟო ტარიფით დაიბეგრება იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი დ ა პეკინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

კოკა კვირკველია