აზარტულ მოთამაშეთა ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ

აზარტულ მოთამაშეთა ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ.

ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.

საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებების რამდენიმე კანონში შეტანას გულისხმობს. კანონპროექტებში მათ შორის, საუბარია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთათვის თამაშის აკრძალვის მიზნით, მათი ოჯახის წევრების მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობის მინიჭებაზე.

კერძოდ, როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, აზარტულ მოთამაშეთა ოჯახის წევრს უფლება ექნება სასამართლოს წესით მოითხოვოს მისი მონაცემების თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრში შეტანა.

„კანონპროექტის მიხედვით, ოჯახის წევრი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს განცხადებით და მოითხოვოს პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანა, ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ განცხადებით მიმართვა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან,“-აღნიშნულია პროექტში.

კანონპროექტის ავტორის შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.

ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი