ჭკვიანი სათვალე და ავტომობილი მძღოლის გარეშე- რას გეგმავს Apple მომდევნო 10 წლის განმავლობაში

დღეისათვის კომპანია Apple ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და მზარდი კომპანიაა, რომლის წარმოებულ ტექნიკასაც მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს. კომპანია არსებული მდგომარეობის შენარჩუნებასა და სიახლეების დანარგვას მუდმივად ცდილობს, რათა მომხმარებლის ერთგულება არ დაკარგოს.

Business Insider-ი დაინტერესდა, თუ რა გეგმები აქვს Apple-ს მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

ჭკვიანი სათვალე

გამოცემის მიხედვით, Apple ჭკვიანი სათვალის შექმნაზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და მათ 2023 წლისთვის გამოუშვებს. კომპანიას დაგეგმილი აქვს iPhone-ები მთლიანად ჭკვიანი სათვალით ჩაანაცვლოს და ისინი ყველა იმ ფუნქციით აღჭურვონ, რომლებიც დღესდღეობით მობილურ ტელეფონებს აქვთ. კომპანია სათვალეებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

Apple News Plus, Apple Arcade და Apple TV Plus

კომპანიამ Apple Music 2015 წელს შექმნა და მას შემდეგ პროგრამას მილიონობით ადამიანი იყენებს. მას Apple News Plus, Apple Arcade და Apple TV Plus მოჰყვნენ. თითოეულმა მათგანმა დიდ წარმატებას მიაღწია და დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობენ. კომპანიის მიზანს მომდევნო 10 წლის განმავლობაში ისეთი დიდი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა წარმოადგენს, როგორებიცაა Disney, Netflix დაHBO. Apple-ს სურს ახალი ამბების გავრცელებასა და სატელევიზიო სივრცეში უპირობო ლიდერი გახდეს.

ავტომობილი მძღოლის გარეშე

ბოლო 5 წელია Apple პროექტ Titan-ზე მუშაობს. პროექტში ჩართული ათასობით ადამიანის მიზანია შექმნან ავტომობილი, რომლესაც მძღოლი არ სჭირდება და მისი მართვა სპეციალური პროგრამის მიხედვითაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლის გარეშე მართულ ავტომობილს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, Apple მასზე მუშაობას დაუღალავად აგრძელებს.

უფრო სწრაფი iPhone და 5G ინტერნეტის სიჩქარე

Apple 2020 წელს iPhone 12-ს გამოუშვებს, რომელსაც უფრო ხარისხიანი კამერა და ძლიერი Touch ID ექნება. სავარაუდოდ მისი წარდგენა სექტემბერში მოხდება. ამასთანავე, Apple-ის მორიგი სიახლე 5G ინტერნეტ-მხარდაჭერა იქნება, რაც მის სიჩქარეს მნიშვნელოვნად გაზრდის.

Apple-ში აცხადებენ, რომ ზემოთ ჩამოტვლილის გარდა ისინი ერთგულ მომხმარებლებს კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებენ, რომელთა შესახებაც ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებენ.

ბექა ბერიაშვილი