Amazon-მა პენტაგონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ამერიკულმა კორპორაციამ Amazon-მა სასამართლოს მიმართა და ამ გზით აპირებს გაასაჩივროს პენტაგონსა და კომპანია Microsoft-ს შორის მიღწეული 10-წლიანი შეთანხმება, რომელიც 10-მილიარდიანი ტენდერის შედეგად იქნა დადებული. როგორც Bloomberg-ი იუწყება, საქმე ეხება ამერიკის თავდაცვის უწყებისთვის ღრუბლოვან სერვერებზე მომსახურების გაწევის კონტრაქტს.

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ სარჩელის დეტალები გასაიდუმლოებულია „ის შეიცავს საიდუმლო მასალებს მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას Amazon Web Services-ზე და ფინანსურ ინფორმაციას, რომელთა გავრცელებამაც შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს კონკურენტუნარიანობაზე“ - აღნიშნავს სააგენტო.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Amazon-ის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ პენტაგონის გადაწყვეტილებაზე ამერიკის პრეზიდენტმა იქონია გავლენა. თუ აღნიშნული არგუმენტი მოყვანილი იქნება სარჩელში, კომპანიას მოუწევს მყარი არგუმენტების წარმოდგენა პრეზიდენტის განცხადებებსა და პენტაგონის გადაწყვეტილებას შორის კავშირზე.

მანამდე Amazon-ის წარმომადგენელმა განაცხდა, რომ პენტაგონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცდომებით იქნა მიღებული, ამიტომ საჭიროა ამ საკითხების განხილვა.

შეგახსენებთ, პენტაგონმა 25 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერის შედეგები, რომლის თანახმად ის ტენდერში გამარჯვებულ Microsoft-თან 10 მილიარდი დოლარის 10-წლიან კონტრაქტს აფორმებს. ამერიკული მედია კი წერდა, რომ გამარჯვებული გამოცხადებამდე ფავორიტად მიიჩნეოდა Amazon. მის მარცხს კი პრესა დონალდ ტრამპს მიაწერს, რომელსაც არაერთხელ გაუკრიტიკებია კომპანიის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი და პრეზიდენტის სურვილი იყო ნებისმიერს გაემარჯვა ამ ტენდერში, გარდა Amazon-ისა.

კოკა კვირკველია