ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წინაშე ქართველი მეზღვაურების განათლებისა და დასაქმების არეალის გაზრდის საკითხებზე ისაუბრებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის რიგით 31-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია ნათია თურნავას მოხსენებით გამოსვლა ორგანიზაციის სესიაზე, რომლის დროსაც მინისტრი ისაუბრებს საქართველოს პოტენციალზე და მის კონკურენტულ უპირატესობებზე საზღვაო გადაზიდვის კუთხით. ნათია თურნავა ასევე გაამახვილებს ყურადღებას საზღვაო სფეროში განათლების დამატებითი პროგრამების ინიცირებაზე, მათ შორის, ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნაზე, ასევე უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით, ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების ლეგალური დასაქმების საკითხებზე.

ასამბლეის მსვლელობისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უკვე შეხვდა საბერძნეთისა და კვიპროსის საზღვაო ტრანსპორტის კურატორ მინისტრებს, რომლის დროსაც განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებას საბერძნეთისა და კვიპროსის გემებზე.

ასევე დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრების გამართვა საფრანგეთის, აშშ-ს, ესტონეთის, ჰოლანდიის, მალტის და სინგაპურის დელეგაციებთან. გარდა ამისა, ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდება და დაესწრება მემორანდუმების ხელმოწერას გერმანიისა და ბრაზილიის მხარეებთან. აღსანიშნავია, რომ გერმანიას საქართველო განიხილავს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს საზღვაო სფეროში. ქვეყნების თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია შესული და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. განსაკუთრებით მნიშნველოვანია საქართველოსთვის ტექნიკური დახმარებისა და საზღვაო სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების პროგრამა, რაც მომავალში გერმანულ სტანდარტებთან დაახლოვებას საშუალებას მოგვცემს. ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება გერმანიის გემთმფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, სადაც მხარეები გერმანული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხებს განიხილავენ.

რაც შეეხება ბრაზილიას, დაგეგმილია მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის საშუალებითაც ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ და იმსახურონ ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემებზე, რომელთა რაოდენობაც 760 - ზე მეტია.