დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების თაობაზე დაბა სურამში ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და ორგანიზაცია „ურბანიკას“ წარმომადგენელმა ირაკლი მურღულიამ მოაწერეს.

უწყების ინფორმაციით, კონკურსის საფუძველზე გამარჯვებული კომპანია სურამის გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის პროექტებს შეიმუშავებს, რაც სურამის ეფექტიანად განვითარებას უზრუნველყოფს. „ურბანიკა“ ასევე მოამზადებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

„განაშენიანების გეგმების შემუშავებისას პრიორიტეტულად გასათვალისწინებელი საკითხებია - საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინება, ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების გონივრულად გამოყენება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის კომპლექსურად მოწესრიგება, არქიტექტურულ-ესთეტიკური იერ-სახის გაუმჯობესება, ქაოსური სამშენებლო სამუშაოების წარმოების რისკის შემცირება, ებრაელთა უბნისა და სინაგოგის არსებული ვითარებისა და შესაძლებლობების ანალიზი, სურამის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია, ე. წ. ბრაუნფილდის - არსებული და მიტოვებული სამრეწველო ობიექტების პერსპექტივის განსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქალაქთმშენებლობით გეგმებზე მუშაობა მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება.