Hyundai Motor-ი ინდონეზიაში ქარხნის მშენებლობაში 1,5 მლრდ დოლარს ჩადებს

სამხრეთ-კორეულმა საავტომობილო კომპანიამ Hyundai Motor-მა ხელი მოაწერა ინდონეზიის ხელისუფლებასთან შეთანხმებას, რომლის თანახმად ის კუნძულ იავაზე ავტომობილების მწარმოებელ ქარხანას ააშენებს. როგორც გამოცემა The Jakarta Post-ი წერს, ინვესტიციების საერთო მოცულობამ 2030 წლამდე უნდა შეადგინოს 1,55 მილიარდი დოლარი.

„ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერის გარეშე შეთანხმება ასე მალე მიღწეული ვერ იქნებოდა“, - განაცხადა კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა ჩონ იმ ინდოენზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდსთან ერთად ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალზე, რომელიც სამხრეთ კორეულ ქალაქ ულსანში გაიმართა.

კომპანიას სამშენებლო სამუშაოების დასრულება დაგეგმილი აქვს უკვე 2021 წლისთვის. ქარხანა ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტადან 40 კმ მოშორებით განთავსდება და იქ წარმოებული ავტომობილები ადგილობრივი ბაზრის გარდა, ასევე გაიყიდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც, ახლო აღმოსავლეთსა და ავსტრალიაში. წინასწარი გეგმის თანახმად, ქარხანა პირველ ეტაპზე წლიურად 150 000 ავტომობილს ააწყობს, სრული დატვირთვის შემდეგ კი ეს მოცულობა 250 000-მდე გაიზრდება.

ცნობისათვის, Hyundai Motor-ი არ არის პირველი კომპანია წელს, რომელმაც ინდონეზიაში ქარხნის გახსნა გადაწყვიტა, ივლისში იგივე გამოცემა იუწყებოდა, რომ 2023 წლიდან 3 მილიარდი დოლარის ინვესტირებით ქარხანას გახსნის იაპონური ავტოგიგანტი Toyota.

კოკა კვირკველია