სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორია დაათვალიერეს

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორია დაათვალიერა.

ფონდის წარმომადგენლები გაეცვნენ მისასვლელი გზებისა და სხვა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, ასევე რელიეფურ და სხვა ბუნებრივ პირობებს.

როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ დათვალიერების შემდეგ განაცხადა, სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის რისკები საგრძნობლად შემცირდება.

ფონდის ინფორმაციით, 210 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. ფონდის მრჩეველი ამ პროექტში არის - IFC (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია).

გარდა ნენსკრას პროექტისა, ენერგეტიკის სექტორში ფონდი ასევე მუშაობს 230 მვტ სიმძლავრის გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტზე, რომლის განხორციელების შედეგად ქვეყანა წლიურად მიიღებს დამატებთ 1.8 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას. კონტრაქტორი ამ პროექტში არის თურქული კომპანია "ჩალიკ ენერჯი." 220 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს აფინანსებს საპარტნიორო ფონდი შვილობილ კომპანია -"საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასთან" ერთად და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებას 2015 წლის ბოლოდან გეგმავს.