”არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება”

ყველას წინაშე პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი და დაუბინავებელი არ დარჩება.

ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა. იგი გამოეხმაურა ყვარლის რაიონში მევენახეების მიერ დღეს გამართულ აქციას და აღნიშნა, რომ საკითხი ეხება ყურძენს, რომელიც სეტყვისა და გვალვის შედეგად დაზიანდა. მისივე თქმით, ხვალიდან ყვარელში სახელმწიფო ქარხანა გაიხსნება, რომელიც ამ ყურძენს ჩაიბარებს.

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში რთველთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. მისივე თქმით, გლეხებს ჰქონდათ შეთავაზება, რომ ყურძენი გურჯაანში, სახელმწიფო ქარხნისთვის ჩაებარებინათ, თუმცა ვინაიდან მევენახეების ნაწილის სარეალიზაციო ყურძენი 200-300 კგ-ს შეადგენდა, ტრასპორტირების ხარჯი საკმაოდ მაღალი იყო, აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ხვალიდან ქარხანა ყვარელში გაიხსნება.

"რთველი ძალიან ორგანიზებულად მიმდინარეობს, საფრთხემ, რომ ვინმემ ყურძენი ვერ ჩააბაროს და ყურძნის რეალიზაცია ვერ მოახდინოს, გამორიცხულია", - აღნიშნა ირაკლი შიოლაშვილმა.

ყვარლის რაიონში მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სოფლების - ახალსოფელის, ჭიკაანის, გავაზისა და ზინობიანის მოსახლეობამ ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის მთავარი მაგისტრალი გადაკეტა. ადგილობრივები ჭიკაანში ღვინის ქარხნის გახსნასა და თეთრი ყურძნის ჩაბარებას ითხოვდნენ. გლეხების თქმით, ქარხნები ყურძენს არ იბარებენ, მოსავალი ფუჭდება.