ლიტველი მებაჟეები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ

ბათუმს ლიტვის საბაჟოს დელეგაცია სტუმრობდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა ლიტვის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის - "საქართველოს საბაჟოსთვის ტექნიკური დახმარება საბაჟო ღირებულებისა და გადამოწმების სფეროში" ფარგლებში.

სტუმრებმა დაათვალიერეს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, ბათუმის სახმელეთო და პორტის გეზები, ადგილზე გაეცნენ შესაბამის ინფრასტრუქტურას და გაფორმების პროცედურებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბაჟო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებულ სისტემას.

საბაჟო ღირებულების თემაზე ლიტველმა კოლეგებმა 10-11 სექტემბერს ტრენინგი გამართეს, რომელსაც შემოსავლების სამსახურის 20 წარმომადგენელი ესწრებოდა. გაიმართა დისკუსიები ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებში არსებულ მსგავსებასა და განსხვავებებზე.

პროექტის მომდევნო ეტაპის ფარგლებში, 22-26 სექტემბერს, 6 ქართველი მებაჟე სასწავლო ვიზიტით ლიტვას ეწვევა.