"მთავრობის ვალი გვაქვს საკმაოდ დაბალ, ურისკო მაჩვენებელზე"

ყველა საერთაშორისო პარტნიორი თუ სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავრობის ვალი გვაქვს საკმაოდ დაბალ, ურისკო მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავარი გამოწვევა, რაც მთავრობის ვალს გააჩნია, ეს არის უცხოურ ვალუტაში მაღალი წილი.

„ჩვენ შევიმუშავეთ ვალის მართვის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ყველა კონტექსტს, რაც კი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. მთავარი მიზანი არის ვალის მომსახურების ხარჯების მინიმიზაცია, ცხადია, ადეკვატური რისკის პირობებში. ჩვენი ვალის მართვის სტრატეგია ეფუძნება ორ ძირითად მიმართულებას: ერთი მხრივ, ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაგრძელებს. ვინაიდან, ეს არის არა მხოლოდ დაბალპროცენტიანი სესხი, არამედ მათი გამოცდილება, ტექნიკური დახმარება და ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერა, როგორიცაა განათლების რეფორმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ა.შ. მეორე მხრივ, ჩვენ ეტაპობრივად უნდა გადავერთოთ შიდა დაფინანსებაზე. ეს შეგვიმცირებს სავალუტო რისკს, ასევე განავითარებს ადგილობრივ ბაზარს და ხელს შეუწყობს უცხოელი ინვესტორების მოზიდვას”, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ფისკალური მდგრადობა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც დასტურდება იმით რომ მნიშვნელოვნად შევამცირეთ ბიუჯეტის დეფიციტი და ვინარჩუნებთ მშპ-ს 2,5 პროცენტის ფარგლებში.