Boeing 737 MAX -ის ფრენები 2020 წელს განახლდება

Boeing 737 MAX-ის ფრენების განახლებამ 2020 წლამდე გადაიწია. ამის შესახებ The New York Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

კორპორაცია Boeing-ი ვარაუდობდა, რომ ფედერალური საავიაციო სამმართველო დაიწყებდა ლაინერების დაბრუნების პროცესს. თუმცა როგორც გაზეთი წერს, აკრძალვა ფრენებზე 2020 წლის დასაწყისშიც გახანგრძლივდება, იმ მიზეზით, რომ საჭიროა Boeing-მა ჩაატაროს საცდელი ფრენების მთელი სერია, რის საფუძველზეც უნდა დართონ ნება ფრენების განახლებაზე. გაზეთის ინფორმაციით, ფედერალურ საავიაციო სამმართველოში აკრძალვის მოხსნა მომავალი წლის იანვრიდან ვარაუდობენ, თუმცა განახლებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

როგორც ცნობილია, Boeing 737 MAX-ის თვითმფრინავების ექსპლუატაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც მიმდინარე წლის 10 მარტს ავიაკატასტროფა განიცადა Ethiopian Airlines-ის კუთვნილმა ხომალდმა, რომლის შედეგად დაიღუპა 159 მგზავრი. 2018 წლის 29 ოქტომბერს კი ინდონეზიურმა Lion Air-ის კუთვნილმა MAX-მა განიცადა კატასტროფა, რომელსაც 189 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორივე შემთხვევაში კომპანიამ აღიარა, რომ ამის მიზეზი იყო მანევრირების გაუმჯობესების სისტემის (Maneuvering Characteristics Augmentation System, MCAS) მწყობრიდან გამოსვლა. ამის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული ავიალაინერებით ფრენების განხორციელება შეწყდა.

კოკა კვირკველია