საეჭვო შეფერილობის ღვინის რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საეჭვო შეფერილობის ღვინის რეალიზაციის ფაქტი რეაგირებისთვის შემოსავლების სამსახურს გადასცა.

სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა ქალაქ ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტში საეჭვო შეფერილობის ღვინის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

"სპეციალისტები სამლიტრიან ბოთლში ჩამოსხმული "ქინძმარაულით" მას შემდეგ დაინტერესდნენ, როდესაც მათ მოქალაქემ საეჭვო შეფერილობის ღვინის აღმოჩენის თაობაზე შეატყობინა. სახელმწიფო კონტროლის ჩატარებისას აღმოჩნდა, რომ დარღვეული იყო ეტიკეტირების წესი. კერძოდ, არ იყო მითითებული ჩამოსხმის თარიღი, ხოლო ღვინოს ჰქონდა არადამახასიათებელი მწვანე შეფერილობა", - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე (ფალსიფიკაცია), ასევე 198-ე მუხლებით (ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცემა.