შესაძლოა, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდოს

საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი, მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინიციატივას, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენასთან დაკავშირებით.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, აბრეშუმის გზა საქართველოს შესაძლებლობას უჩენს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს ტრადიციები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, ასევე, შეასრულოს ორი გეოპოლიტიკური არეალის დამაკავშირებლის ისტორიული ფუნქცია.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. გამოითქვა იმედი, რომ ჩინეთში ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.