ფარერის კუნძულებზე მოხალისედ მუშაობის სურვილი 6 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა

ატლანტის ოკეანეში მდებარე ფარერის კუნძულები, რომლებიც დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის, 2020 წლის აპრილში ტურისტებისათვის დაიხურება. ამის მიზეზი ტურისტების დიდი რაოდენობა და კუნძულის ინფრასტრუქტურის ტურისტული სეზონისთვის მომზადება სახელდება.

ფარერის კუნძულების ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი 100 მოხალისეს ეძებენ, რომლებიც მათ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ადგილობრივი ბუნების უკეთ დაცვაში დაეხმარებიან.

შესაბამისი აპლიკაციის ინტერნეტში განთავსებიდან რამდენიმე დღეში ფარერის კუნძულების ხელისუფლებისთვის მოულოდნელად დახმარების სურვილი 95 ქვეყნის 6 000-ზე მეტმა მოხალისემ გამოთქვა.

„ჩვენ მოხარული ვართ იმ ფაქტით, რომ დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა. ჩვენ მათ ინციატივას ძალიან ვაფასებთ და მსგავს პროექტებს მომავალშიც აუცილებლად შემოგთავაზებთ“- აცხადებს ფარერის კუნძულების ვიზიტორთა ცენტრის ხელმძღვანელი გუდრიდ ჰოგვარდი.

ის აცხადებს, რომ 100 მოხალისეს შემთხვევითობის პრინციპით აარჩევენ. იღბლიან მონაწილეებს ფარერის კუნძულებზე უფასო განთავსებას, საკვებსა და საჭირო ნივთებს შესთავაზებენ. ტრანსპორტირების ხარჯბი კი მათ თავად უნდა დაიფინანსონ.

აღსანიშნავია, რომ ფარერის კუნძულების მოსახლეობა 51 000 ადამიანს შეადგენს. მხოლოდ 2018 წელს კუნძულებს 60 000 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის მონაცემებს 10%-ით აღემატება.

ბექა ბერიაშვილი