აზარტულ თამაშზე დამოკიდებული პირის თამაშობაში დაშვება, ორგანიზატორის 10 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებათა პაკეტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული.

კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს და უცხო ქვეყნის 18 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ. ამასთან, დოკუმენტი გულისხმობს საქართველოში ე.წ. მოთამაშეთა რეესტრისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნას.

როგორც საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, დგინდება ახალი სამართალდარღვევები და შესაბამისი პასუხისმგებლობები.

„კერძოდ, განისაზღვრება, რომ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ საქართველოს მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან რეესტრში გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 20 000 ლარი იქნება.

ამასთან, დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის 10 000 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 20 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს,“-აღნიშნულია კანონპროექტში.

თაია არდოტელი