ველური ბუნების სააგენტოში ხე-მცენარეთა გამოყვანის სეზონი დაიწყო

ველური ბუნების სააგენტოში ხე-მცენარეთა დაფესვიანების, დაკალმებისა და თესვის პერიოდი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს სპეციალისტებს საქართველოს წითელი ნუსხის, ტყისშემქნელი და ურბანული სახეობები სასათბურე პირობებში გამოჰყავთ. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ითესება ჭალის მუხა, სამხრეთის აკაკი, პანტა და ფიჭვი. გამრავლების სეზონი პირველ ყინვებამდე მიმდინარეობს.

„ველური ბუნების სააგენტო მცენარეთა თესლის დასამუშავებელი დანადგარებითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობით ხდება თესლების დახარისხება და თესლის აღმოცენების უნარის განსაზღვრა, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი თესლის ხარისხიანობისა, რადგან თესლის აღმოცენების სხვადასხვა უნარზეა დამოკიდებული პირველ რიგში თესვის ნორმა, შემდგომ კი ბიოლოგიური მახასიათებლები. თესლის ვარგისიანობის დადგენის შემდგომ სათესლე მასალის სტრათიფიცირება და შემდგომში თესვა ხდება“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ველური ბუნების სააგენტოში წელიწადში 900 000 ძირი ნებისმიერი ხე-მცენარის ჩითილის წარმოება ხდება. მცენარეთა თესვის სეზონი შემოდგომაზე იწყება და გაზაფხულამდე გრძელდება.