არასამთავრობო ორგანიზაცია "ადვოკატები დემოკრატიისთვის" იუსტიციის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამტკიცებს, რომ სახეზეა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისთვის გამოყოფილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისების მცდელობა. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ხელთ აქვს კორუფციული გარიგებისა და დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქმე ეხება 2019 წლის მაისში იუსტიციის სამინისტროს მიერ მსჯავრდებულთა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც 90 მილიონ ლარზე, 3 წლით მომსახურებაზე გამოცხადდა.
ადვოკატის თქმით, კომპანია "ილი ჯგუფმა" ტენდერში ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რის გამოც მას პირველ ჯერზე დისკვალიფიკაცია მიენიჭა, თუმცა, საბოლოოდ მაინც ამ კომპანიას გაამარჯვებინეს:
"ილი ჯგუფმა“ სატენდერო პირობის შესაბამისად ტენდერში წარმოადგინა ქართულ კომპანიასთან შპს „ათინათთან“ გაფორმებული ხელშეკრულება რძის პროდუქტების ვითომდა მიწოდების შესახებ.
ჩვენ მოკვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ "ათინათი" სინამდვილეში არ გახლავთ რძის პროდუქტების მწარმოებელი და მხოლოდ ახდენს სხვის მიერ უცხოეთში წარმოებული პროდუქტის შეფუთვას. ეს არის სატენდერო პირობის უხეში დარღვევა და ამას "ილი ჯგუფის" დისკვალიფიკაცია უნდა მოჰყოლოდა" - ამბობს ადვოკატი.
შალვა ხაჭაპურიძე ასევე მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრო კონკრეტულ კომპიასთან თაღლითურ შეთანხმებაში შესვლას და ამ გზით ფულის გათეთრებას გეგმავს.
"ტენდერი გამოცხადებულია კარაქთან ერთად სპრედის მიწოდებაზეც. სპრედის გამოყენება ქართული კანონმდებლობით აკრძლულია, რადგან ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. ამასთან, ერთი კილოგრამი სპრედის ღირებულება გახლავთ, ერთი კილოგრამი კარაქის ღირებულების მესამედი.
შედეგად შემსყიდველი, იუსტიციის სამინისტრო, თავად უბიძგებს კომპანიას, გამოიყენოს დაბალი ღირებულებისა და ხარისხის პროდუქტი, ხოლო საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ გამოიყენა კარაქი.
კორუფციული სქემა ასეთია: პატიმრებს კარაქის მაგივრად მიეწოდებათ სპრედი, მენიუში კი გაწერილი იქნება კარაქი, სახელმწიფო გადაიხდის კარაქის ღირებულებას, ხოლო მომსახურე კომპანიას თაღლითური გზით გაუიაფდება მომსახურების თვითღირებულება და დანაშაულებრივი გზით მიითვისებს რამდენიმე მილიონს“, - აცხადებს ადვოკატი.
არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას უპასუხა პენიტენციურმა სამსახურმა.
უწყებაში მიიჩნევენ, რომ "ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციები არასერიოზულია, არ ემყარება ფაქტებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად".
"ადვოკატი აცხადებს, რომ 2019 წლის 22 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული კვებითი მომსახურების ტენდერში (რომელიც უშედეგოდ დასრულდა) მონაწილე კომპანია „ილი ჯგუფს“ წარმოდგენილი ჰქონდა ყალბი ხელშეკრულება უკრაინიდან ერთ-ერთი პროდუქტის, კერძოდ, რძის პროდუქტის მოწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის მიეწოდა სატენდერო კომისიას, თუმცა კომისიამ ამაზე არ იმსჯელა.
დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად პრეტენდენტი კომპანიის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა არ დადასტურდა.
ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის თანახმად პრეტენდენტმა წარმოადგინა შპს „ათინათის“ სახელზე გაცემული სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ მინიჭებული აღიარების დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ათინათი“-ს ეკონომიკური საქმიანობის სახეებია რძის გადამუშავება და ყველის წარმოება (რძე, ყველი, კარაქი, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კეფირი, ნაღები, შესქელებული რძე).
ამასთან, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ 22.11.2019 წ. გაცემული წერილით დასტურდება, რომ შპს „ათინათი“ აწარმოებს 82.5%-იან კარაქს, შესაბამისად, ბრალდება, თითქოს შპს „ათინათი“ არ არის მწარმოებელი, უსაფუძვლოა", - ნათქვამია უწყების მიერ AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილ წერილში.