ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 265 ფაქტი გამოვლინდა

25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 265 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3,575 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 84 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 11 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 170 ფაქტი.