ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 33%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა და 29 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. საანგარიშო პერიოდში მისი მოცულობა 12.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 19.8 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტალში მთლიანი ბრუნვის 51.9 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 19.9 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 28.2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 38.2 პროცენტი, საშუალოზე - 23.7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 38.1 პროცენტი.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში 18.3 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.0 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 10.4 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.9 პროცენტით მეტი).

„2019 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 38.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 24.1 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 8.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.6 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2.5 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 11.1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2019 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.5 პროცენტი) და მშენებლობა (20.8 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (16.9 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.2 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.6 პროცენტიანი წილი უჭირავს,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი